საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. "მინდა, ვთხოვო შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილი გარკვეული შეფერხებების გამო რიგში ლოდინი უწევთ. მიღებულია ზომები მათი სასმელი წყლითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფისთვის, თუმცა, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში საჭიროა ყურადღება.
ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ უკვე ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ტირპარკები და დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემაც გადაიჭრება. დღესდღეობით, ვიდრე ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, ასეთ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ", -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.