პოლიტიკა
გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს ცვლიან

    საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. "ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები... მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, განაგრძობენ ჩვენს გუნდში უკვე სხვა პოზიციებზე მუშაობას. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს ამ ორ რეგიონში.
კაპიტალური დანახარჯები ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით გაზრდილია. 2018 წლის მეორე კვარტალიდან, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა. ეს არ არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის ნამდვილად რეალობა, რომელსაც ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამ სამუშაოების შედეგად ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება და ამ გამოწვევებში განსაკუთრებული მუშაობა მართებს მთავრობის ყველა სტრუქტურას. ეს არ არის ერთი სამინისტროს საკითხი, აქ აუცილებელია მთელი გუნდის ძალიან კოორდინირებული მუშაობა", - განაცხადა, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, სავარაუდოდ, არჩილ ჯაფარიძე გახდება. გურიის რწმუნებულად კი ოზურგეთის მოქმედი გამგებელი ერაბ ჭანუყვაძე სახელდება.