უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აფხაზეთში პუტინის ვიზიტი მიუღებელია

    საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კრემლის ლიდერის ნაბიჯი მიუღებელია და ეწინაარმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებს, რომლის მონაწილეც რუსეთია. "აშშ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ქართულ ტერიტორიაზე განიხილავს როგორც მიუღებელს და შეუსაბამოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპებისა, რომლის მონაწილეც რუსეთია. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გადახედოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნოიერტის განცხადებაში.
მანამდე, პუტინის ვიზიტი აფხაზეთში დაგმო ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე, 8 აგვისტოს ეწვია.