საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ მიერ წარდგენილი ხელმოწერები საარჩევნო კოდექსის კანონმდებლობის შესაბამისად შევსებული არ იყო. ცესკოში აცხადებენ, რომ ნამდვილად მხოლოდ 13 ხელმოწერა ჩაითვალა, ხოლო დანარჩენი კი ბათილად იქნა ცნობილი.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს დადგენილებით დადგენილი, სპეციალური ბლანკის ნიმუში. ეს ნიმუში გადაეცემა პარტიას... ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას, მათ შორის, "გირჩსაც" გადაეცა ამ ბლანკის შევსების წესი, სადაც დეტალურად არის მითითებული არა მხოლოდ შევსების წესი, არამედ შემოწმების მეთოდოლოგიაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბათილად იქნა ცნობილი ყველა ის ხელმოწერა, სადაც პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია იყო არასწორად მითითებული ან პასუხისმგებელი პირის მიერ მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას“, - განმარტავს ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე.