პოლიტიკა
ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ვუთხრათ სათქმელი და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს! - კვირიკაშვილი

    საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. "8 აგვისტო არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსათვის. მთელს საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი.
რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველების, აფხაზებისა და ოსებისთვის.
რა თქმა უნდა, ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ვუთხრათ სათქმელი და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.