საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ (ალასანიას პარტიის) ინიციატივას, რომლის მიხედვით, კერძო ინიციატივით კრემლთან მოლაპარაკება სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე „პოლიტიკურ სიბრიყვეს“ უწოდებს და პარტიის ყოფილი ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკობს.
„დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი სიბრიყვე ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ისე, „თავისუფალი დემოკრატები“ რომელი პარტიაა? ყველა ლიდერი რომ სადღაც გადანაწილდა? გარდა ამისა, ერთი რამეც მინდა გაგახსენოთ - „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს გაკეთებულმა განცხადებამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით დააჩქარა რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, რა შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს, ის რუსეთში მაინც ჩავა, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს. „სიბრიყვეა და მეტი არაფერი, დემოკრატიულ სახელმწიფოში უკარნახო პოლიტიკურ ლიდერს, სად წავიდეს და ვის ელაპარაკოს. მე მაინც წავალ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, დაველაპარაკები, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დამსაჯონ, მომავალი თაობები გაარკვევენ, ვინ რას აკეთებს ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბურჯანაძემ.