საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. „2 თვეზე ოდნავ მეტი რჩება ადგილობრივ არჩევნებამდე. სამწუხაროდ, მიუხედავად „თავისუფალი საქართველოს“ მიერ არაერთი მოწოდებისა, რომ შევჯერებულიყავით ერთიან კანდიდატებზე, ცალკეულმა პარტიებმა და ჯგუფებმა უკვე დაიწყეს საკუთარი კანდიდატურების წამოყენება, რაც წყალს ასხამს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე.
...მივმართავთ ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან ასოცირებული არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“: მიმდინარე კვირის ბოლომდე დავასრულოთ კონსულტაციები და შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
მივმართავთ პირველ რიგში ლეიბორისტულ პარტიას, „დემოკრატიულ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ - სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ორპარტიული კოაბიტაციის მახინჯი პროცესი. ჩვენის მხრივ, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია, კერძოდ, „თავისუფალი საქართველოს“ მიმართვაში.