რედაქტორისგან
ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს?!

societe-topთურმე ეს ასე არაა. თბილისის რესტორნებში, მაგალითად, ეს ხალხური სიბრძნე ახლახან ანაქრონიზმად იქცა. არა, თქვენ უწინდებურად შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი მუსიკა, მაგრამ... არა რუსული! თუმცა, თუ მაინცდამაინც „მოსკოვსკიე ვეჩერას“, „დენ პობედის“ ანდა ალა პუგაჩოვას რეპერტუარიდან რომელიმე სიმღერის მოსმენა გნებავთ, მაშინ, კეთილი ინებეთ და 500 ლარი გადაიხადეთ. აბა, თქვენი ახირების გამო ფულს რესტორნის მფლობელს ხომ არ გადაახდევინებთ, რომელიც, ისევე, როგორც ყველა მისი კოლეგა, საქართველოს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა წინასწარ გააფრთხილეს, რომ მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტზე მტრის ნაწარმოებების შესრულებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ხუთასი ლარის ოდენობით?! მერე რომ არ ეთქვათ, არ ვიცოდით, არც კი გაგვიგონია ამგვარი აკრძალვის შესახებო, ვერდიქტის ქვეშ ხელი მოაწერინეს არა მარტო იმ რესტორნების მფლობელებს, სადაც „ცოცხალი მუსიკა“ ისმის, არამედ თავად მუსიკოსებსაც და მომღერლებსაც.

ძნელი სათქმელია, კონკრეტულად ვინ მოახდინა „დემოკრატიის შუქურა“ ქვეყანაში რუსული მუსიკის მავნე ხასიათის სანქცირება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს... ფინანსური პოლიციისგან არ უნდა მომდინარეობდეს. იდეა სადღაც ზემოთ იშვა. ცნობილია მეორე, რბილად რომ ვთქვათ, ბოდვითი იდეის ავტორის სახელი, რომლის მიხედვითაც ქართული რესტორნების ,,მენიუში’’ უნდა მიეთითოს, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ეს დეპუტატი შოთა მალაშხია გახლავთ და მისი ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტმაც მოიწონა!

ქვეყნის თუნდაც ნაწილობრივი ოკუპაცია ნებისმიერი ნორმალური მოქალაქისთვის ტკივილია, რომელმაც გულის სიღრმემდე შეძრა და მას, მოქალაქეს, არ სურს, რომ ეს ტკივილი პოლიტიკურ თამაშებში გაცვლით მონეტად იქცეს, რომ ის შერყვნას ლხინის სუფრით დაპროგრამებულმა, რესტორნის სტუმართა გულგრილმა და წამიერმა მზერამ, ვისი ყურადღებაც გარკვეული ხნის განმავლობაში მხოლოდ კერძების ჩამონათვალსა და მათ ფასებზეა მიპყრობილი და არა ბოლო სტრიქონზე – ოკუპაციის შესახებ.

მაგრამ რა გაეწყობა! საქართველოში რუსულ ენაზე გლობალური შეტევა ხორციელდება, რაც აბრებით დაიწყო – ყველა რუსული წარწერა ერთდროულად მოშალეს. შემდეგ მკვეთრად შემცირდა რუსული სკოლების რაოდენობა და რუსული ენის სწავლების საათებიც. ბოლოს კი ფაკულტატიურ მეცადინეობამდე დავიდა, ხოლო ინგლისური ენა სავალდებულო საგნად იქცა. ცვლილებები შეიტანეს „კინემატოგრაფიის შესახებ კანონშიც’’, რომლის თანახმადაც, საქართველოს კინოთეატრებში აკრძალულია უცხოური ფილმების ჩვენება რუსული თარგმანით.

და არავის ანაღვლებს, რომ რუსულ ენას ჩვენთვის ყველაზე მეტად აქვს კომუნიკაციური დატვირთვა, რომ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე 400 ათასი სომეხი, 300 ათასი აზერბაიჯანელი, 60 ათასი რუსი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს და მათი ერთაშორისი ურთიერთობის ენა, ძირითადად, უწინდებურად რუსულია. რა ენაზე ვაპირებთ კონტაქტების დამყარებას ჩვენს ყოფილ ავტონომიებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან? ქართული იქ უკვე დაავიწყდათ, ხოლო ინგლისური მასობრივად ჯერ არ შეუსწავლიათ.

ჩვენს ქვეყანაში რუსული ენის ამჟამინდელ სტატუსზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ სიტყვებითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომელიც მან ოკეანისგაღმიდან ჩამოსულ ინგლისურენოვან მასწავლებლებთან შეხვედრაზე წარმოთქვა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ინგლისურად ალაპარაკდებიან, ისინი ჩინურის, არაბულის, თურქულისა და რუსულის სწავლასაც შეუდგებიან... ასე რომ, ჯერ ყველაფერი არაა დაკარგული – რუსულ ენას მომავალი აქვს, მართალია, შორეული, მაგრამ მაინც...

ჯერჯერობით კი, ჩვენთვის დამახასიათებელი მიზანმიმართულობით, აწმყოდან განვდევნით ენასაც და ყველაფერ დანარჩენსაც, რაც ჩრდილოელ მეზობელს უკავშირდება, რათა ღმერთი არ გაგვიწყრეს და იმ დროის ნოსტალგიამ არ შემოგვიტიოს, როცა ერთმანეთს იოლად ვსტუმრობდით, ვმეგობრობდით, ერთობლივ ფილმებს ვიღებდით, ოჯახები ვნათესავდებოდით. ამოვძირკვავთ ფესვებს და ამით მორჩება! ძნელია, მაგრამ – შესაძლებელი.

ამ ნინო ჭავჭავაძესაც რა ღმერთი გაუწყრა, რომ რუსი პოეტი შეუყვარდა და მის ძეგლზე წააწერა კიდეც: «Ум и дела твои бессмертны в памяти русской, но для чего пережила тебя любовь моя», ხოლო კვარცხლბეკის კიდეზე – «Незабвенному его Нина»!.. მაგრამ გამოსავალს აქაც მოვძებნით: გულდასმით შევნიღბავთ ამ ეპიტაფიას და მის ნაცვლად მოკლედ წავაწერთ: „ა. ს. გრიბოედოვი, იმპერიის კარის პოეტი“. თანაგრძნობით გამსჭვალულებმა შეგვიძლია მის ნეშტს სამუდამო განსასვენებელიც ვუსურვოთ.

მაგრამ რა მოვუხერხოთ სახელოვან წინაპრებს, ერის შვილებს, რომლებმაც სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს და რუსეთისადმი სიმპათიები აშკარად გამოხატეს, რითაც თავიანთი შთამომავლები, მასში მტერს რომ ხედავენ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს? ერთის მხრივ, როგორ არ ვერწმუნოთ ქართველი ხალხის მოძღვრებსა და წინამძღვრებს, ადამიანებს, რომლებსაც მარტოდენ ეროვნული ინტერესები ამოძრავებდათ, ერთა შორის ურთიერთობებში კი მუდამ ჰუმანიზმის, სიკეთისა და სამართლიანობის სადარაჯოზე იდგნენ; მეორეს მხრივ – თანამედროვე პოლიტიკოსთა მოსაზრებები, რომლებიც, ასევე, ინტერესებზე ზრუნავენ...

ავიღოთ, თუნდაც, ილია ჭავჭავაძის სიტყვები:

„მძიმე განსაცდელის ჟამს ქართული დროშა არაერთგზის აფრიალებულა ბრძოლის ველზე რუსული ბაირაღის გვერდით და მისი წინამძღვრობით, ბაგეზე მისი სახელით არაერთხელ დაუღვრიათ ქართველებს სისხლი რუსებთან ერთად...“

„რუსული ენის ცოდნისკენ ვისწრაფვით და ეს ძალიან გვინდა არა მარტო იმიტომ, რომ ის ჩევნთვის აუცილებელია როგორც სახელმწიფო ენა, არამედ იმიტომაც, რომ რუსული ლიტერატურა იმდენად ძლიერია, განათლებული კაცის სულიერი წყურვილის დაოკების უნარი შესწევს. ყოველი ჩვენგანი აღზრდილია რუსულ ლიტერატურაზე, რომელიც ჩვენი მსოფლმხედველობის, რწმენისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის საფუძველსა და ძალას წარმოადგენს არა მარტო ცოდნის გასამრავლებლად, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლისთვისაც“.

დღეს ეს ძალიან არააქტუალურად ჟღერს, უფრო მეტიც – მავნებელია მოზარდი თაობისთვის. რა ვიღონოთ, როგორ დავაღწიოთ თავი უხერხულ სიტუაციას? ამაზე მარტივი რა უნდა იყოს: ამოვიღოთ ეს სტრიქონები! ამოცანის გასამარტივებლად გიკარნახებთ: ციტატა აღებულია ილია ჭავჭავაძის 1957 წელს გამოცემული თხზულებებიდან (გვ. 490–500).

ასევე უნდა მოვექცეთ გრიგოლ ორბელიანს, რომელმაც ერთხელ ბრძანა: „ღმერთო, ნუ მიიყვან რუსებს ისეთ სასოწარკვეთილებამდე, რომ იძულებული შეიქნენ, საქართველო დატოვონ, რომელიც უმალ არეულობის, ურთიერთშუღლისა და დაუძინებელი მტრების თავდასხმის მსხვერპლი გახდება!“.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ კრებულში შავი საღებავი დაუნანებლად უნდა გადავუსვათ შემდეგ სტრიქონებს: აწ განთქმულია რუსა სახელი,/ ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,/ დიდი ხანია, გვაქვს ჩვენ ერთობა,/ მტკიცე კავშირი, – სარწმუნოება...“

„ჩვენ გულითადად ვაფასებთ რუს ხალხთან ძმობასა და მეგობრობას. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არცთუ ცოტა არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ასეთი ძმური კავშირის აღიარება; არსებობს ახალგაზრდა რუსეთიც, რომელთანაც ხელიხელჩაკიდებულს გვსურს სიარული არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ზოგადსაკაცობრიო იდეალების განსახორციელებლად, რასაც ძმობა, თანასწორობა და ერთიანობა ჰქვია,“ – ეს სიტყვები აკაკი წერეთელს ეკუთვნის. ნუ დაუხრით თავს მისი ავტორის ავტორიტეტს და გავარვარებული რკინით ამოშანთეთ!

ნურც იაკობ გოგებაშვილს დაუწყებთ ცერემონიებს. მერე რა, რომ დიდი პედაგოგი, მწერალი და „დედაენის“ ავტორია – პირველი წიგნის, რომლის საშუალებითაც, უკვე მრავალი ათწლეულია, ყველა მსურველი ქართულ ენას სწავლობს?! დაუფიქრდით, რამხელა ,,მკრეხელობაა’’ მის ნათქვამში: თვალსაჩინოა, რომ რუსული ენის ცოდნა დიდი სიკეთეა ყველა კავკასიელისთვის, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, დიადი სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქეები ვიყოთ, ვეზიაროთ რუსული ლიტერატურის საგანძურს და მის თვალუწვდენელ ველებზე, მთელი დედამიწის ერთ მეექვსედზე რომ გადაჭიმულა, თავი ისე ვიგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში“. ერთადერთი, რასაც მისი გამართლება შეუძლია, შემდეგი სტრიქონებია: „თუმცა აქსიომაა ისიც, რომ ამ უძვირფასესი ცოდნის შესაძენად ყველაზე მიზანშეწონილი საშუალება მშობლიური ენა და წერა–კითხვაა...“

თავი ვაჟა ფშაველასაც გამოუჩენია: „ვფიქრობ, ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში   ტურგენევზე დიდი დამსახურება არავის მიუძღვის...“ მოდი მივუტევოთ, მან ხომ არ იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ახალგაზრდობის საუკეთესო მოძღვრებად, სკოლების დირექტორებად ბოქაულები – „მანდატურები“ იქცეოდნენ...

ნურც ივანე ჯავახიშვილს დავინდობთ! კარგად უნდა დაფიქრებულიყო, სანამ ხმამაღლა და კატეგორიულად განაცხადებდა: ,,საქართველოს მოწინავე წრეებისთვის ნათელი იყო, რომ მძლავრი მოკავშირის დახმარებითა და მფარველობით ჩვენს ქვეყანას საშუალება მიეცა, გაძლიერებულიყო, გარეშე მტერი მოეგერიებინა და მშვიდობიანი ცხოვრების პირობებში მტკიცე ნაბიჯით ევლო წარმატებისა და აღორძინების გზაზე!“.

არ ვიცი, რას ფიქრობდნენ მაშინდელი მოწინავე წრეები, მაგრამ ახლა ჩვენთან დიამეტრულად საწინააღმდეგო აზრისანი არიან. ასე რომ, იმ ავტორიტეტებს აინუნშიც არ ვაგდებთ. „ თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს“!

და როცა ბოლომდე ლაფში ამოვსვრით ჩვენს წარსულს, გავუსწორდებით კლასიკოსებს, მათ შორის, ჩვენსაც და მით უფრო – სხვისას, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მოქალაქეებო, და სიღერით გავწიოთ წინ – ვარძიისკენ! კლდეში ნაკვეთ ქალაქში თავშესაფარსაც გამოვძებნით. ამბობენ, იქ 20 ათასამდე კაცი ეტევაო. თუ ყველანი არ დავეტევით, ნაწილი შეიძლება მოშორებით, ვანის ქვაბებში, დავაბინაოთ. განა ცოტაა ჩვენში გამოქვაბული?! ოღონდ კოცონის დასანთებად ცივილიზებული სამყაროდან ასანთი უნდა გავიყოლოთ და კიდევ – პუშკინის თხზულებათა სრული კრებული... არა, წასაკითხად კი არა, – ცეცხლში შესაკეთებლად!