საზოგადოება
საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთი „ტურისტებისგან უარის თქმის მძლავრმა ტალღამ“ მოიცვა სოფელ პრიმორსკოეში საბრძოლო მასალის სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელთა შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ამის შესახებ „აფხაზეთის ტურიზმის კავშირის“ პრეზიდენტმა ანა კალიაგინამ უამბო.
მისი თქმით, რესპუბლიკაში გამგზავრებაზე უარს, ძირითადად, ჯერ არ ჩასული ტურისტები ამბობენ. შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა დასვენება შეწყვიტეს და გაემგზავრნენ, ცოტაა, სექტემბრის ტურებზე კი ჯერჯერობით უარი არავის უთქვამს. კალიაგინას მიაჩნია, რომ ეს ვარდნა დაახლოებით 2 კვირას გაგრძელდება.