საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო რუს ტურისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ხდება. ავიაკომპანიებმა ეს ტენდენცია შეამჩნიეს და ხელსაყრელი შეთავაზებები მოამზადეს. 5 აგვისტოდან ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებმა“ რეგულარული რეისები გახსნა ჟუკოვსკიდან თბილისში. ფრენა კვირაში ორჯერ განხორციელდება.
გასულ წელს საქართველოს მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია, ამ წლის დასაწყისიდან კი - უკვე 726 ათასი. ეს ერთი მესამედით მეტია, ვიდრე 2016 წლის იანვარ-ივლისში.
ფასები, რა თქმა უნდა, მაღალია. მაგალითად, ჩერნოგორიაში პირდაპირ ადრიატიკის ზღვის ნაპირზე 30 ევროდ შესაძლებელია საუცხოო აპარტამენტების დაქირავება. და მიუხედავად ამისა, რუსი ტურისტები საქართველოში მოფრინავენ, თურქეთიდან და ირანიდანაც კი. პოპულარობაზე ავიაგადამზიდავები რეაგირებენ. მოსკოვი-თბილისი უკვე მიმართულებათა ტოპ-ხუთეულში შედის, როგორც Aviasales-ის PR-დირექტორმა იანის ძენისმა აღნიშნა: „სეზონზე მოსკოვიდან მგზავრობა ორივე მხარეს 14-15 ათასი რუბლი ჯდება. თუ ბილეთებს წინასწარ შეძენთ, პრინციპში, სადღაც 10 ათას მანეთში ჩაეტევით. კაცმა რომ თქვას, საქართველოს შემთხვევაში სწორედ ბილეთების ადრე დაჯავშნაა ამ ქვეყანაში ბიუჯეტური მოგზაურობის გასაღები, იმიტომ რომ ასე თავისუფლად შეგიძლიათ 20-30 პროცენტის დაზოგვა. არა სეზონზე ბილეთებს 10-11 ათასად შეიძენთ, მაგრამ სინამდვილეში საქართველოში ასეთი ცნება არც არსებობს, იმიტომ რომ ზამთარში იქ თხილამურებია, ზაფხულში - ყველაფერი დანარჩენი, ზამთარსა და ზაფხულს შორის კი იქ შეგიძლიათ, უბრალოდ, ხინკალი მიირთვათ, ღვინო დააყოლოთ და დრო საუცხოოდ გაატაროთ“.