ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლებისას საერთაშორისო სტანდარტები უგულებელყო, ნათქვამია Human Rights Watch-ის წლიურ ანგარიშში, რომელშიც საქართველოს 5 გვერდი ეთმობა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ივნისში დაწყებულ დევნილების გამოსახლების პროცესს. აქ ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებას დევნილებთან მოლაპარაკება არ უწარმოებია და მათთვის ადეკვატური ალტერნატივა არ შეუთავაზებია. ზოგიერთმა დევნილმა ვერ მიიღო ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ზოგიერთმა მიიღო, მაგრამ ცენტრიდან ძალზე დაშორებულ რეგიონში, სადაც, დევნილების განცხადებით, დასაქმების საშუალება არ არსებობს, მათთვის შეთავაზებულ საცხოვრებელ სახლებს სახურავი დაზიანებული ჰქონდათ, არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგია ამბობს, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი მთელი რიგი სამართალდარღვევებით განხორციელდა: ”დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დარღვევებით. ისინი გაფრთხილებას იღებენ ძალიან მცირე დროით ადრე, მათი გადასახლება ხდება ადგილებში, სადაც, მათი განცხადებით, დასაქმების საშუალება არ არის და არ არის სოციალური ინფრასტრუქტურა, ანუ ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ დარღვევებს”.
ამ საკითხის გარდა, ანგარიშში საუბარია აზრის გამოხატვის შეზღუდვისა და სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გამოყენების გადაჭარბების შესახებ, მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც, საუბარია იმაზეც, რომ დღემდე ხელისუფლების მხრიდან არ გამოძიებულა გასულ წლებში მომხდარი ფაქტები. ეს შეეხება 2009 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ დაკავებული იმ სამი ახალგაზრდის საქმეს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდნენ, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასა და გასული წლის 19 ნოემბერს ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელის გადარქმევის მიზნით გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების საქმეს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლების დარღვევასა და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებს, რომლებიც სათანადოდ გამოძიებული არ ყოფილა (ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინის, ალექსი ჩიგვინაძის, დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანის, ირაკლი კორძაიასა და სხვათა საქმეები); საუბარია იმის შესახებაც, რომ ციხეების გადატვირთულობა კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება, რასაც, სხვა საკითხებს შორის, სასამართლოებში გამამართლებელ განაჩენთა დაბალი მაჩვენებელი განაპირობებს.