პოლიტიკა
ეს არანაირი მცოცავი ოკუპაცია არ არის! - სერგეენკო საქართველოში პირველი მოღვაწე აღმოჩნდა, ვინც გაბედა და საქინფორმის მიერ ბევრჯერ გაჟღერებული სიმართლე ხმამაღლა თქვა!

    საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. 2008 წლიდან, სააკაშვილის მიერ დაწყებული ომის შემდეგ და დღევანდელი დღის ჩათვლით, საქინფორმის“ და მისი მთავარი რედაქტორის ანალიტიკურ და სარედაქციო პუბლიკაციებში მრავალჯერ აღნიშნულა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე სადემარკაციო ხაზს მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულების საფუძველზე ავლებს - ხელშეკრულების, რომლის ქვეშ, მედვედევისა და სარკოზის ხელმოწერის გარდა,  საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის - სააკაშვილის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაშინდელი ლიდერების ხელმოწერებია! ამ ხელშეკრულების ყველა პუნქტი ქართველი ხალხისთვის დღემდე უცნობია, ოსური მხარე არცერთი სანტიმეტრით არ გადადის იქ მითითებულ საზღვარს, რომელიც ზუსტად ემთხვევა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს!
მაგრამ ამის საჯაროდ აღიარება საქართველოში ყველა პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელესა თუ  საზოგადო მოღვაწეს ეშინოდა! ეს გასულ კვირას პირველმა მარტო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაბედა!
"ეს არანაირი მცოცავი ოკუპაცია არ არის, ეს არის იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა!",  - ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გასულ პარასკევს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“რუსეთის ქმედებების აღწერისას ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი “მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძვლით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა“, – განაცხადა სერგეენკომ.