საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, 8 აგვისტოს სოხუმში ჩადის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი 2008 წლის 8 აგვისტოს 9 წლისთავს ემთხვევა, რის შემდეგაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი, კონსტანტინ ზატულინი, „კურიერთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, თბილისში ვიზიტისას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე ბევრი ისაუბრა, რასაც რუსეთი მხარს ვერ დაუჭერს. „თუ გავითვალისწინებთ მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში და მის განცხადებებს, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება, იმიტომ რომ პენსი როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, ბევრი ილაპარაკა საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეს ნიშნავს მცდელობას, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს საქართველო -აფხაზეთის ან საქართველო-ოსეთის საზღვარზე. ბატონი პენსი საუბრობდა საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ნატოს წევრი, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, - აცხადებს ზატულინი.
ის თვლის, რომ მაიკ პენსმა საქართველოში „ამერიკული დროშა ააფრიალა.“ კონსტანტინ ზატულინის თქმით, მსგავსი ქმედებები რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს იწვევს და ამ შემთხვევაში, ეს პუტინის სოხუმში ვიზიტია. “პენსმა საქართველოში ამერიკული დროშა ააფრიალა და მისი მაღალი რანგის ქართველი მასპინძლები ყველანაირად ცდილობდნენ მისი გულის მოგებას. ეს ყველაფერი კი რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს იწვევს მათ შორის პრეზიდენტის, აუცილებელი არ იყო ეს პრეზიდენტს გაეკეთებინა, თუმცა ასე გამოვიდა, რომ პრეზიდენტი პუტინი განახორციელებს ვიზიტს. პრეზიდენტი პუტინი ჩავა აფხაზეთში, ვფიქრობ გამონახავს დროს მოინახულოს იქ ჩვენი სამხედროები, თუ საჭირო გახდა აუხსნის აფხაზეთის მოსახლეობას რომ რუსეთთან დაკავშირებისა და რუსეთის აღიარების შემდეგ რატომ არ ემუქრება აფხაზეთს არაფერი”, - განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა.