საზოგადოება
აშშ-ში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი - მარგველაშვილს მაიკ პენსისთვის გაკეთებული შეთავაზების გამო უმრავლესობა აკრიტიკებს, ოპოზიციისთვის კი ეს იდეა მისაღებია

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის ამერიკაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლისთანამდებობის შემოღების თაობაზე შეთავაზების გაკეთებამდე გიორგი მარგველაშვილს საკითხი  ჯერ საგარეო უწყებასთან უნდა შეეთანხმებინა.
„მე ვიცი, რომ მსგავსი საკითხები თანხმდება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მთავრობასთან ან ამერიკულ მხარესთან და, მაგალითად, ამერიკელი კოლეგა რომ შემეკითხოს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამით, მე პასუხი ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარტიის ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სპიკერი ირაკლი კიკნაველიძე ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადება გიორგი მარგველაშვილს საჯაროდ არ უნდა გაეკეთებინა, თუმცა ინიციატივას მიესალმება. „არ მგონია, რომ რაიმე შედეგის მომტანი იყოს ასე ღიად ამ განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იქნება მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას ბოლო წლებში არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ რაღაც სპეციალური ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო“, - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.