საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა მინდია ლორთქიფანიძემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის 78-ე საჯარისო დანაყოფის მეთაურს, გენერალ ტომას ბლექსტოკსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის დელეგაციას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს დეპარტამენტის საქმიანობის,
განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით, სტუმრებისთვის საჩვენებელი საბრძოლო წვრთნები გაიმართა. ასევე მოეწყო სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა.