საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. 4 ოპოზიციური პარტიის ლიდერები მაიკ პენსს ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებსა და სხვა გამოწვევებზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე საქართველოს შიდა მდგომარეობასაც შეეხნენ, კერძოდ, მოახლოებულ არჩევნებს, ოპოზიციის პოლიტიკურ დევნას და ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობას, რაც, თავის მხრივ, "თავისუფალი დამოკრატების" ლიდერმა შალვა შავგულიძემ აღნიშნა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის დავით ბაქრაძის თქმით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი იყო "რუსთავი 2"-ის თემაზეც.
”საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებზე, სიტყვის თავისუფლებაზე და "რუსთავი 2"-ზეც. ჩვენი პოზიცია და ამერიკელების პოზიცია სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რომ სწორედ დემოკრატიული საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.