პოლიტიკა
გულმოკლული პრეზიდენტი – ისევ ტყუის, თუ არ იცის

prezidentma_upasuxaსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ არხის ეთერში ხალხის შეკითხვებს უპასუხა. პროექტი „პრეზიდენტი გისმენთ“ 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სოციალური თემატიკა, განათლება, სოფლის მეურნეობა, დასაქმება, ინფლაცია, ხელფასები და პენსიები - ძირითადად ამ საკითხებს შეეხო საზოგადოების მთავარი შეკითხვები თბილისიდან და რეგიონებიდან. 
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სააკაშვილმა დევნილების პრობლემებზეც ისაუბრა, თუმცა მისი გამოსვლის ამ მონაკვეთიდან არის რამდენიმე დეტალი, რომელზეც ალბათ, ყურადღების გამახვილება აუცილებელია, რადგან გაურკვეველია, პრეზიდენტი გვატყუებს, თუ დევნილების პრობლემებს რეალურად არ იცნობს.

მისი განცხადებით, რეგიონებში დევნილთა საცხოვრებელი ადგილები სწორედ იქ შენდება, სადაც ახალი სამუშაო ადგილები ინტენსიურად იქმნება. უშუალოდ თბილისში კი საცხოვრებელი ფართები 10 ათასმა ოჯახმა დაიკანონა.

თუმცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა იულია ხარაშვილმა რამდენიმე დღის წინ საქინფორმთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამინისტრო რეგიონებში მდებარე კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში განსახორციელებელი სოც–ეკონომიკური პროექტების მოძიების პროცესშია.

საინტერესოა, როგორ იქმნება ინტენსიურად ახალი სამუშაო ადგილები აღნიშნულ ჩასახლებებში, როცა სუბელიანის უწყება ჯერ კიდევ პროექტების მოძიების პროცესშია.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან გაბრაზებული და ძალიან უბედურია. ყოველ დღე იღვიძებ იმ აზრით, რომ გამწარებული ვარ და თავს სახლიდან გამოგდებულად ვგრძნობ. არც ერთ ადამიანთან და ჯგუფთან არ მაქვს ისეთი სოლიდარობისა და სრული გაიგივების განცდა, როგორც დევნილებთან. მათზე ძალიან ბევრი მიფიქრია და ბევრი უძილო ღამე გამიტარებია, – განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა რამდენად ბევრი აქვს ამ თემაზე ნაფიქრი და რამდენად სტკივა დევნილების პრობლემა, ამას ალბათ, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ქვეყნის პირველ პირს „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ არხის პროექტამდე, დევნილების განსახლების პროცესტან დაკავშირებით ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

არადა პროცესი დაახლოებით 1 წელია მიმდინარეობს და მას რამდენიმე სერიოზული სკანდალიც ახლდა თან. გარდა იმისა, რომ პოლიციამ ამ პროცესში რამდენიმე დევნილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გასულ წელს რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა, ერთ–ერთმა მათგანმა ნანა ფიფიამ კი თავი დაიწვა და გარდაიცვალა.

თუ პრეზიდენტს „არც ერთ ადამიანთან და ჯგუფთან არ აქვს ისეთი სოლიდარობისა და სრული გაიგივების განცდა, როგორც დევნილებთან“, რატომ არ დაინტერესდა ფიფიას თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზებით? რატომ არ დააყენა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ფიფიას რამდენჯერმე შეურაცხყოფა მიაყენეს და ფოცხო–ეწერში ბალახის საძოვრად სამგზავრო ბილეთი აუღეს. თუ სააკაშვილი თავად არის დევნილი, რატომ არ მიდის ფოცხო–ეწერში ბალახის საძოვრად, ან არ აყენებს სუბელიანის სამინისტროს მაღალჩინოსნის გრიგოლ ტუღუშის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, რომელიც ამ შემთხვევაში ნანა ფიფიას „მრჩეველი“ გახლდათ.

თუმცა, ალბათ ეს ყველაფერი ტყუილი „წყლის ნაყვაა“, რადგან როგორ უნდა მოსთხოვო პრეზიდენტს სიმართლის ლაპარაკი, როდესაც საზოგადოებას ფიფიას მკვლელობაზე სერიოზული რეაგირება არც კი მოუხდენია.