საქართველო, 31 ივლისი, სქინფორმი. სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ტყვიის შემცველობაზე კვლევების შედეგებით, დარღვევები მასშტაბური არ არის და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების და რეალიზაციის მიზნით, ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, გამკაცრებული ნორმატივებით ინტენსიურად ახორციელებს.
"გამოვლენილ დარღვევებზე დაუყოვნებლივ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მავნე სურსათის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას და განადგურებას გულისხმობს. ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის უწყებებს - გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
ლაბორატორიული კვლევების და დარღვევების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
2012-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლის და სასმელების 2 687 ნიმუში, საიდანაც ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში (აღებული ნიმუშების 2,38 %).
ცხოველური წარმოშობის სურსათზე (ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი) 778 კვლევა ჩატარდა, საიდანაც დარღვევის 53 შემთხვევა 2015-2016 წლებში გამოვლინდა. გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ტყვიის შემცველობაზე კვლევები ტარდება თაფლშიც. სულ გამოკვლეულია თაფლის 80 ნიმუში (ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტში), სადაც არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა", - წერია სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციში.
სუნელების შემდეგ ტყვიის შემცველობა ხორცის და რძის პროდუქტებშიც აღმოაჩინეს.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზაა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ტყვიის შემცველობაზე შემოწმებას გეგმავს.