პუბლიკაციები
პრემიერ-მინისტრმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა (ვიდეო)

     საქართველო, 31 ივლისი, სქინფორმი. ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. (ვიდეო იხ. აქ)
პრემიერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ რუვენ რივლინსა და ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე - იერუსალიმისა და პალესტინის პატრიარქ თეოფილოს III-თან გამართულ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის არაერთი მიმართულება.
„ისრაელმა, რომელსაც გააჩნია ძალიან მსგავსი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო, აეშენებინა ნამდვილად ძლიერი სახელმწიფო. ვფიქრობთ, გამოცდილება, რომელიც არსებობს, გამოსაყენებელია აუცილებლად. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების, ინოვაციების განვითარების კუთხით. თითოეული ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, შემოდგომისთვის დაიგეგმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოში. ასევე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.
„მოგეხსენებათ, დღევანდელ მსოფლიოში ბატონი ნეთანიაჰუ გახლავთ ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი და მისი ჩამოსვლა ბიზნესდელეგაციასთან ერთად, ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. დაპატიჟება იქნა მიღებული და ჩვენ უნდა ველოდოთ ამ ვიზიტს, რომელიც, ვფიქრობთ, სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს", - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ ებრაელებთან გამართულ „ძალიან თბილ და საქმიან შეხვედრაზეც" ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ადამიანები, რომლებსაც საქართველოსთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას მათ გამოთქვეს სურვილი, ჩაერთონ ინვესტიციების თუ სხვა კუთხით თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაში.