პოლიტიკა
უმრავლესობამ პრეზიდენტს უპატივცემულო დამოკიდებულების შეწყვეტისკენ მოუწოდა

    საქართველო, 31 ივლისი, ქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა მოუწოდებს პრეზიდენტს, მიიღოს ზომები პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენის შესაწყვეტად.
"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უკვე არაერთხელ უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია პრეზიდენტის რეაქცია, რომელმაც თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ პროცესი არის წახალისებული და მართული პრეზიდენტის მხრიდან. როდესაც არ არის რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის თანაბრად პრეზიდენტის დამოკიდებულებაც პარლამენტის მიმართ.
საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას. მოვუწოდებთ ბატონ გიორგი მარგველაშვილს, მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა", - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს უზრდელი უწოდა.