პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი შეაფასა

    საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება.
პრემიერის შეფასებით, ის, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან მოკლე დროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.
„ვფიქრობთ, აშშ-სთან ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელშიც არჩეულია  ოთხი ძირითადი მიმართულება - უსაფრთხოება; კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა; დემოკრატიის განვითარება; ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა - საკმაოდ დინამიკურად ვითარდება და ვფიქრობთ, მაიკ პენსის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ამ ორმხრივი ურთიერთობისთვის ბიძგის მისაცემად. ვიზიტის დროს იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და კიდევ ერთხელ მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი შედგება სულ რამდენიმე დღეში საქართველოში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.