საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. 24 ივლისს თბილისი-თელ-ავივის რეისის მგზავრები, რომლებიც საზღვარზე არ შეუშვეს, სამართალდამცველებმა დააკავეს და სადეპორტაციო იზოლატორში გადაიყვანეს. ქართველებთან ერთად დაკავებული არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. ისინი ისრაელის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუმცა უმეტესობა, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, ქვეყანაში შესვლაზე უარს იღებს.
რა პირობებში უწევთ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს ყოფნა, ამის ამსახველი კადრები “იმედს“ გამოუგზავნეს (ვიდეო იხ, აქ)
თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქის განცხადებას დაჩქარებული წესით განიხილავენ. უარის მიღებისთანავე მას ქვეყნიდან აძევებენ (ძველი რეგულაციით, ის ისრაელში 3 წლის განმავლობაში რჩებოდა).
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებიან, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური სამშობლოში ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნების საშუალებას აძლევს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, ისრაელში საქართველოდან 18437 ადამიანი შევიდა, უკან კი 14327 დაბრუნდა. საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 3974 ადამიანს, 304-ს კი დეპორტი შეეხო. წელს კი ისრაელში საქართველოს 861 მოქალაქე არ შეუშვეს.