სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    საქართველო, 31 ივლისი, ქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე შპს "ლადი 2011"-ის დამფუძნებელი ვლადიმერ ა. დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ა. დაუკავშირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროს სპეციალისტს და შეატყობინა, რომ სურვილი ჰქონდა, ლანჩხუთის რაიონში მდინარე სუფსას სანაპიროდან უკანონოდ მოეპოვებინა სასარგებლო წიაღისეული - ინერტული სამშენებლო მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ბრალდებული საჯარო მოხელეს აღნიშნულ საქმიანობაში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ წინასწარ ქრთამის სახით მისცემდა მის მიერ ყოველთვიურად მოსაპოვებელი ქვიშა-ღორღის საფასურს, ერთ კუბ.მ-ზე 50 თეთრის ოდენობით. შპს "ლადი 2011"-ის დამფუძნებელმა აღნიშნულ საჯარო მოხელეს წინასწარ ქრთამის სახით გადასცა 8000 კუბ.მ ქვიშა-ღორღის უკანონოდ მოპოვების საფასური - 4000 ლარი, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.