საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილის წარდგენა დაიწყო. გამოკითხულთა 35%-ის აზრით, საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილის მდგომარეობას საქართველოში, 28 % პასუხობს, რომ სიტყვის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა ქვეყანაში არც კარგად არის და არც ცუდად, ხოლო 16% აზრით, მდგომარეობა ძალიან კარგია.
თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე კითხვას 29% პასუხობს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა არც ცუდია და არც კარგი, 25% ფიქრობს, რომ ნაწილობრივ კარგია, ხოლო 17% -ის აზრით, ნაწილობრივ ცუდია, 11% ძალიან ცუდად აფასებს, 10% -ის აზრით კი, მდგომარეობა ძალიან კარგია.
ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გამოკითხულთა 29% -ის აზრით, მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია, 28%-ის აზრით, არც ცუდია და არც კარგი, 22% ნაწილობრივ ცუდად აფასებს, 10% - ძალიან ცუდად, ხოლო 7% - ძალიან კარგად.
კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, 31% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არც ცუდია და არც კარგი, 26%-ის აზრით, ნაწილობრივ კარგია, 20% ნაწილობრივ ცუდად აფასებს, 11% - ძალიან ცუდად, 6% კი - ძალიან კარგად.
კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას 30% არც ცუდად და არც კარგად აფასებს, 22% - ნაწილობრივ კარგად, 19% - ნაწილობრივ ცუდად, 9% - ძალიან ცუდად, 6% - ძალიან კარგად.
მთავრობის მიერ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის აზრის გათვალისწინების მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას 32% არც ცუდად და არც კარგად აფასებს, 22% - ნაწილობრივ ცუდად, 21% - ნაწილობრივ კარგად, 14% - ძალიან ცუდად, ხოლო 3% - ძალიან კარგად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.