სამართალი
„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

    საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"რუსთავი 2“-ის შენობის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა. 

შეტყობინების მიღებიდან 7 წუთში "რუსთავი 2"-ის შენობასთან მოხდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება, მათ შორის - 5 ცისტერნის. ტელევიზიის საწყობში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად შეძლეს. მათი დაუყოვნებლივი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, 300-400 კვ.მ ფართობის მქონე საწყობში ცეცხლი მხოლოდ 40 კვ.მ-დე გავრცელდა.
"ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.