პუბლიკაციები
გამოცემა 97: ფულადი გზავნილები - იანვარი-ივნისი, 2017

   2017 წლის პირველ ნახევარში:

  • საქართველოში ფულადი გზავნილების ჩარიცხვამ ჯამში $629 მილიონი შეადგინა
  • საქართველოდან გადარიცხვებმა ჯამში $96.3 მილიონი შეადგინა
  • უმსხვილესი ექვსი ქვეყნის (რუსეთის ფედერაცია, აშშ, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი და თურქეთი) წილი მთლიან ფულად გზავნილებში ჯამში 81%-ს შეადგენს.

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ფულადი გზავნილების ჩარიცხვამ ჯამში $629 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. ზოგადად, საქართველოში ფულად გზავნილებს დადებითი ზრდის ტემპი ახასიათებს. გამონაკლისს წარმოადგენდა პერიოდი 2014 წლის მეორე ნახევრიდან 2015 წლის ბოლომდე. ყველაზე მაღალი კლება გვხვდება 2015 წლის აგვისტოში, როდესაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ამავდროულად, საქართველოში ფულადი გზავნილების ზოგადი დინამიკა სეზონურობით ხასიათდება. წლების განმავლობაში, ზრდა ფიქსირდება დღესასწაულების და შვებულების პერიოდებში.

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან გადარიცხვებმა ჯამში $96.3 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. დაკვირვების პერიოდში საქართველოდან ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი, ისევე როგორც მისი დინამიკა, არ ხასიათდება კონკრეტული ტენდენციით.საქართველოში ფულადი გზავნილების სტრუქტურაში ქვეყნების მიხედვით ლიდერობს რუსეთის ფედერაცია. 2017 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერაციიდან ფულადმა გზავნილებმა $208 მილიონი (მთლიანი გადმორიცხვების 33%) შეადგინა, მაშინ როდესაც მეორე ადგილზე მყოფი აშშ-ს შემთხვევაში, ფულადი გზავნილების ოდენობა $67 მილიონია (მთლიანი გადმორიცხვების 11%). აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით), 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ფულადმა გზავნილებმა $191 მილიონი შეადგინა რაც მთლიანი გზავნილების 30%-ია.

2017 წლის პირველ ნახევარში, ფულადი გზავნილების მოცულობის კუთხით უმსხვილესი 15 ქვეყნიდან უკრაინა ერთადერთია, რომლის შემთხვევაშიც ფულადი გზავნილების ჩარიცხვებისა და გადარიცხვების მოცულობა თითქმის თანაბარია ($11.9 მილიონი და $11.2 მილიონი შესაბამისად).

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციის მიმართულებით განხორციელდა და $41.2 მილიონი შეადგინა. საქართველოდან ფულადი გზავნილების სიდიდით შემდეგი ხუთი ქვეყანა გამოირჩევა: რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. აღსანიშნავია, რომ სამი ქვეყანა (რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთი და უკრაინა) გვხვდება როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების უმსხვილესი ხუთი ქვეყნის სიაში.

2017 წლის პირველ ნახევარში უმსხვილესი ექვსი ქვეყნის (რუსეთის ფედერაცია, აშშ, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი და თურქეთი) წილი მთლიან ფულად გზავნილებში ჯამში 81%-ს შეადგენს. ამავდორულად, უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, უმსხვილესი ექვსი ქვეყნის წილი საქართველოში მთლიან ფულად გზავნილებში მცირე კლებითი ტენდენციით ხასიათდება.

2017 წლის პირველ ნახევარში, როდესაც 182 ქვეყანასთან გვქონდა ფულადი გზავნილების ჩარიცხვები და გადარიცხვები,  44 ქვეყანა გვხდება, სადაც საქართველოდან ფულადი გზავნილები აღემატება საქართველოში ფულად გზავნილებს. ამ 44 ქვეყნიდან ყველაზე მაღალი სუფთა გადარიცხვები გვხვდება მოლდოვაში ($0.7 მილიონი), რომელსაც მოჰყვება ყირგიზეთი, ინდოეთი, განა და ბანგლადეში.

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ფულადი გზავნილების სტრუქტურაში სისტემების მიხედვით რუსული კომპანია ლიდერობს. 2017 წლის პირველ ნახევარში “Zolotaia Korona”-მ საქართველოში მთლიანი ფულადი გზავნილების 24% შეასრულა.

ნიშანდობლივია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების კვარტალური შედარება. 2010-1014 წლებში ფულადი გზავნილების მოცულობა აღემატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს. 2014 წლის მესამე კვარტალი შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც გარდატეხის წერტილი, როდესაც პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ფულად გზავნილებს $327 მილიონით გადააჭარბა. ამ პერიოდის შემდეგ, საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.

საქართველოში ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით უმსხვილესი ათი ქვეყნის სიაში ერთდოულად სამ ქვეყანას უკავია ადგილი (აზერბაიჯანი, თურქეთი და აშშ).