საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. "საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია, რომლის გამოყენებით ჩვენმა ერმა მოახერხა გადარჩენილიყო საუკუნეების განმავლობაში და შეენარჩუნებინა იდენტობა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფელ სნოში, ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა პატრიარქის განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.
"მე ძალიან კარგად მახსოვს 1977 წლის 25 დეკემბერი, როდესაც მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი მისი უწმინდესობის აღსაყრდებას. მაშინ 10 წლის ვიყავი. ოთხი ათწლეული გავიდა მას შემდეგ და მინდა, როგორც ერთმა ქრისტიანმა ადამიანმა, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, იმისთვის, რომ მან უამრავ ქარტეხილში ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი. ჩვენი ერისთვის ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მართლმადიდებლურ რწმენას არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.
სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა სიმბოლური უწოდა პატრიარქის მშობლიურ სოფელში ახალი სასტუმროს გახსნის ფაქტს, რომლის მოგებაც საქველმოქმედო მიზანს - სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდება.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა რეგიონში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
"მომავალ წელს დასრულდება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, რაც სტეფანწმინდას, სნოს და მთლიანად ამ რეგიონს ზამთრის კურორტადაც აქცევს, გამომდინარე იქედან, რომ სასტუმრო რესურსი, რომელიც აქ არსებობს, პირდაპირ უკავშირდება გუდაურის პოტენციალს. მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობას, რომელიც 2 წელიწადში დასრულდება და 2020 წლისთვის შევა ექსპლუატაციაში. ასეთი ერთობით, რომლის მომსწრეც დღეს ყველანი ვართ, ჩვენი ქვეყანა დიდ შედეგს მიაღწევს. ამის საწინდარი არის ის სიყვარული, რომლის მაგალითსაც ჩვენი პატრიარქი გვაძლევს დღევანდელ დღეს,"- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე შეკრებილი საზოგადოება დალოცა. პატრიარქის განცხადებით, სასტუმრო "სნო" უნდა იქცეს მაგალითად სხვა რეგიონებისთვის.
"ადამიანი შეიძლება დაიღალოს, შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს გზა. ჩვენ ვიმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს არის სნოს ხეობა, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ. აი მე ვაჩვენე მაგალითი ამის", - აღნიშნა უწმინდესმა სიტყვით გამოსვლისას.
სასტუმრო "სნოს" მოგება სოფლის განვითარებას და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.