საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელთაც ივნისში ყველაზე მეტი - 33 891 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2017 წლის იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაღში 6%-ით მეტი - 75 660 ვიზიტორი იმყოფებოდა.
ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია ბათუმის დელფინარიუმშიც, რომელსაც ივნისში 19 586 ადამიანი სტუმრობდა. ივნისის მონაცემები 38%-ით (5 342 ადამიანი) აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, იანვარ-ივნისში დელფინების შოუსა და ზოგადად, დელფინარიუმს 44%-ით მეტი, 31 778 ადამიანი სტუმრობდა.
ივნისში 19%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 10 691 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, ის 3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და 19 881 ადამიანს შეადგენს.
სტუმრების რაოდენობა გაზრდილია მტირალას ეროვნულ პარკშიც. 2017 წლის ივნისში ეროვნულ პარკს 30%-ით მეტი - 6 283 ვიზიტორი სტუმრობდა. ექვსი თვის მონაცემები კი 14 021 ადამიანს შეადგენს, რაც 63%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს.
ჯამში, 2017 წლის 6 თვეში აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით, 583 340 ვიზიტორი სტუმრობდა.