აქტუალური
მთავრობის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 4%-ს გადააჭარბებს

     საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. „6 თვის შედეგების მიხედვით პოზიტიური შედეგები გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით", - განაცხადა პირველმა ვიცე- პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4.5% შეადგინა. იანვარში მშპ-ს ზრდა იყო 5.2%, თებერვალში - 4.4%, მარტში - 5.3%, აპრილში - 2.1%, მაისში - 5.3%. 
ამ ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 605 ათასი შეადგინა (ზრდა გასულ წელთან შედარებით - 4,7%), გამოშვებამ - 7,5 მლრდ ლარი, ხოლო ზრდამ - 16.1%. საწარმოთა ბრუნვა 15,2 მლრდ ლარით - 19.1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა.