პოლიტიკა
უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

     საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში პრეზიდენტის ვეტო ადევს. ქვეყნის პირველმა პირმა ორივე კანონთან დაკავშირებით გამოიყენა სახელმწიფოს მეთაურის უფლება და ცვლილებები შეაჩერა. გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწევს საკუთარი გუნდის მობილიზება ვეტოს დასაძლევად.
“უხერხული და უშნო არაფერი არ არის, ვთქვათ, მიიღო რაღაც შენიშვნა ერთი გუნდიდან. არის ცუდი ის, რომ ამ გუნდს გარკვეული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა და განსაკუთრებით ის, რომ ეს საკონსტიტუციო უფლება-მოვალეობებიდან საკმაოდ შორს წავიდა. დასანანია ის არასწორი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მიეწოდება, თითქოს საზოგადოებას ან ქალაქს ერთმევა თვითმმართველობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილის ზაზა გაბუნიას თქმით, ისინი სიღრმისეულად გააანალიზებენ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი და ცვლილებები მხოლოდ ჩამოშლილი რეიტინგის ფონზე არჩევნების გასაყალბებლად შეიტანა.