საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, სწავლება 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება.
"ღირსეული პარტნიორი“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები SABER GUARDIAN 2017 ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო SEE BREEZE - უკრაინაში. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომლებშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობა ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა NOBLE PARTNER 2017“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მესამედ ტარდება და წელს მასში ნატოს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობენ - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო.
სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება, ასევე, ამერიკული ტანკები - „აბრამსი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.