უცხოეთი
ვინ არის ირაკლი კაველაძე, რომელიც უმცროსი ტრამპის რუს იურისტთან შეხვედრას ესწრებოდა

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. არას აგალაროვის ადვოკატმა, სკოტ ბალბერმა დაადასტურა, რომ ირაკლი კაველაძე 2016 წლის ივნისში უმცროსი დონალდ ტრამპის რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრას ნამდვილად ესწრებოდა. არას აგალაროვის თხოვნით, მას თარჯიმნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ვესელნიცკაიამ თარჯიმანი თავადაც მიიყვანა.
ბალბერი ამბობს, რომ კაველაძე დიდი ხანია აშშ-ს მოქალაქეა და "არასდროს, არანაირი კავშირი რუსეთის მთავრობასთან არ ჰქონია". ვესელნიცკაია მზად არის, ამერიკულ მხარეს ჩვენება მისცეს. კაველაძის ადვოკატს ტრამპის და რუსეთის ფარული კავშირების საქმის მთავარი გამომძიებელი რობერტ მიულერი დაუკავშირდა და კაველაძის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
52 წლის კაველაძე აგალაროვის Crocus Group-ის რეგიონულ განვითარებას ხელმძღვანელობს და საინვესტიციო პროექტებს კურირებს. დეველოპერმა აგალაროვმა 2013 წელს დონალდ ტრამპის კომპანიის მიერ რუსეთში გამართულ სილამაზის კონკურს "მის სამყაროს" უმასპინძლა. აგალაროვი ვლადიმერ პუტინის მეგობარია. კაველაძე აშშ-ს მოქალაქეა, კალიფორნიაში ცხოვრობს. ის Crocus Group-მა 2004 წელს ანალიტიკოსად დაიქირავა, 5 წლის შემდეგ კი, მოსკოვის კომპანიის ვიცე პრეზიდენტად დანიშნა.
კაველაძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა წინააღმდეგაც კონგრესში გამოძიება მიმდინარეობდა. მას ნავთობკომპანიებში წილების უკანონოდ ფლობას და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.

კაველაძე საქართველოში დაიბადა და რუსეთში სწავლობდა. აშშ-ში 1991 წელს გაემგზავრა. მიიღო МВА-ხარისხი. პირველი კომპანია International business creations-ი დელავერში გახსნა. რუსი ბროკერებისთვის კორპორაციები დაარეგისტრირა და საბანკო ანგარიშები გახსნა.
უმცროსი ტრაპი კრემლთან დაახლოებულ იურისტთან შეხვედრას მას შემდეგ დათანხმდა, რაც აცნობეს, რომ ვესელნიცკაიას ჰილარი კლინტონზე კომპრომატი ჰქონდა. შეხვედრა აგალაროვის შვილმა, პოპვარსკვლავმა, ემინმა მოითხოვა, ორგანიზატორი პრომოუტერი რობ გოლდსტოუნი იყო. შეხვედრას ესწრებოდა ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი.
კაველაძის facebook-ის ფოტოების მიხედვით, ის საქართველოს სტუმრობს ხოლმე და საგურამოში, მეგობართან ისვენებს. კაველაძის კურსელი და მეგობარია რუსი ოლიგარქი მიხაილ პროხოროვი. კაველაძე ქველმოქმედებასაც ეწევა.

რესურსი - https://imedinews.ge/ge/saqartvelo/20320/vin-aris-irakli-kaveladze-romelits-umtsrosi-trampis-rus-iuristtan-shekhvedras-estsreboda