საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. ექიმებმა სენატორს რესპუბლიკური პარტიიდან, ჯონ მაკკეინს თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters არიზონას შტატში, Mayo-ს კლინიკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც სენატორი მკურნალობის კურსს გადის.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ინფორმაციას ასევე ჯონ მაკკეინის ოფისიც ადასტურებს. "სენატორი და მისი ოჯახის წევრები Mayo Clinic-ის გუნდთან ერთად, დამატებითი მკურნალობის ვარიანტებს განიხილავენ. ეს შეიძლება იყოს ქიმიოთერაპიისა და დასხივების კომბინაცია", - ციტირებს სააგენტო სამედიცინო დაწესებულების განცხადებას.
როგორც Reuters აღნიშნავს, რესპუბლიკელ სენატორს მარცხენა თვალზე ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა.
ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აქვს, რომელიც ცნობილია, როგორც გლიობლასტომა. გლიობლასტომა თავის ტვინის სიმსივნის ყველაზე ხშირი ფორმაა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება თუმცა, ექიმების განცხადებით, მაკკეინს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად, შესანიშნავია.
რესურსი - http://www.ipress.ge/new/79318-senator-jon-makkeins-eqimebma-tavis-tvinis-simsivnis-diagnozi-dausves