საზოგადოება
საქართველოს აქვს მყარი პოზიცია, რომ ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდებოდეს აფხაზეთის მოსახლეობა - პრემიერი კვირიკაშვილის გზავნილი „აბხაზ ძმებს“

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენგურჰესზე ახალი პროექტი წარადგინა. ენგურჰესის ახალი კონცეფციის თანახმად, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი. მოეწყობა შემეცნებითი ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე და სხვა ინფრასტრუქტურა.

პროექტის განხორციელებისთვის მთავრობამ 2 მილიონი ლარი გამოყო. წინასწარი გათვლებით, ეს ტურისტული ზონა წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს.
„დღეს, როდესაც ჩვენ ასე ახლოს ვდგავართ აფხაზეთთან, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენს აფხაზ ძმებთან უდიდესი პატივისცემა. ჩვენ 25 წელია, ჩაკეტილ წრეზე დავდივართ და მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც შეიქმნა და ჩვენს მომავალ თაობებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუტოვოთ. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს მყარი პოზიცია ენგურჰესთან დაკავშირებით, რომ ჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდებოდეს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა. ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი ძმებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა