სამართალი
ქვემო ქართლში პროექტ „არა ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. დმანისში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი სკოლების პედაგოგებმა, აქტივისტმა ქალებმა, ადგილობრივი თემების, დმანისის რაიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.



სემინარზე მსმენელებს გააცნეს ინფორმაცია ქალთა უფლებების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ, ასევე ძალადობის პროფილაქტიკის და მსხვერპლის დახმარების შესახებ. სემინარი ჩაატარეს ალექსანდრე ნოსელიძემ (“საკონსტიტუციო უფლებების დაცვის ცენტრი”) და ფსიქოლოგმა სოფო კუპატაძემ (“ახალგაზრდა იურისტების და ჟურნალისტების კავშირი”).

მეორე დღეს დმანისში საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარის მეორე ინტერაქტიული ნაწილი - წარმოდგენა ოჯახში ძალადობის თემაზე - ჩატარდა. სპექტაკლი მოამზადა „ფორუმ თეატრის“ ჯგუფმა („ფორუმ-თეატრი“ ინტერაქტიული მეთოდის ერთ-ერთი ფორმაა. „ფორუმ-თეატრის“ დასი შედგება 9 ახალგაზრდა მოყვარული მსახიობისაგან, ხელმძღვანელი ივანე ხარაშვილი).

შემოთავაზებული სპექტაკლის ფარგლებში განხილული იქნა არსებული პრობლემიდან გამოსავლის გზები, ოჯახში სხვადასხვა ფორმის ძალადობისგან თავის დაღწევის მეთოდები. ინფორმაციის მიწოდების ასეთი ფორმა აყალიბებს პრობლემის გადაჭრისადმი პოზიტიურ მიდგომას, რომელიც გამოიხატება მაყურებელთან ერთად რთული სიტუაციის მოგვარების ერთობლივ ძიებაში.