საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში უკრაინა საქართველოს ყველაზე მძიმე და ემოციურ პერიოდებში ედგა გვერდით, რასაც ქართველი ერი დიდად აფასებს. მისივე განცხადებით, მსგავსად საქართველო ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის გვერდით.
პეტრო პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ერი უკრაინელი ხალხის ყველაზე ერთგული და ახლო მეგობარია. მან 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა, როდესაც რუსული სამხედრო აგრესიის დროს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ქართველ ხალხთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი იდგა და ქვეყნისადმი სოლიდარობას გამოხატავდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ქმედებები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გამოწვევებთან გამკლავება ერთობლივი მუშაობით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობით უნდა მოხდეს.