საქინფორმის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ვესტში“ სულ რამდენიმე დღის წინ ფინანსური პოლიცია შევიდა, შემოწმების შემდეგ კი კომპანია დახურეს. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია ამჟამად სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“–შიც იმყოფება.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რა ხერხებს მიმართავს ხოლმე „ჯიბეგასქელებული“ ხელისუფლება, როცა ბიუჯეტს წყალი უდგება. მარკეტინგული ქსელების შემდეგ, რომელთაც „ფინანსური შემოწმება“ გასულ წელს ჩაუტარეს და მილიონობით ლარი ამოიღეს, ჯერი სადაზღვევოებზე შეაჩერეს. როგორც წყარო ამტკიცებს, გარდა დასახელებული ორი კომპანიისა, ფინანსური პოლიციის მოლოდინში სხვა სადაზღვევო კომპანიებიც არიან, თუმცა ინფორმატორი ვერ აკონკრეტებს, რა რაოდენობის თანხის ამოღებას აპირებენ „ნაცები“ კომპანიებისგან.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქინფორმი თავდაპირველად „ვესტთან“ დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ კი „ალდაგს“ დავუკავშირდით.
თავდაპირველად კომპანიის ცხელი ხაზის ოპერატორმა სააგენტოს განუმარტა, რომ მსგავს ინფორმაციას ის ვერ გასცემს და ამისთვის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან გადაგვამისამართა.
კომპანიის პრესსამსახურის უფროსის – მაიკო ივჩენკოს კომენტარი კი შეუძლებელი აღმოჩნდა. რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, ის „მნიშვნელოვან შეხვედრას“ ვერ მოვწყვიტეთ. რაც შეეხება სხვა კომპეტენტურ პირებს, ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ასეთი პირი მხოლოდ ივჩენკოა.
აქვე, აღსანიშნავია ერთი დეტალიც: მაშინ, როდესაც „ალდაგს“ ფინანსური პოლიცია „ამოწმებდა“, კომპანიის გენერალური დირექტორი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრესას ახალ პროექტებზე ესაუბრებოდა და გასულ წელს აჯამებდა.
როგორც ნიკოლოზ გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიმდინარე წელს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ პროდუქტს შესთავაზებს. თუ გამყრელიძე საზოგადოებას სიახლეებს სთავაზობს, სავარაუდოა, რომ „ალდაგს“ არ დახურავენ და ხელისუფლება მას მხოლოდ „დააჯარიმებს“.