საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს.
"საქართველოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა.
პირველი, მან განაცხადა: "სამწუხროდ, საქართველოს არ აქვს ისეთი ეფექტიანი შეთანხმება, როგორიცაა მინსკის შეთანხმება, რომელმაც შესაძლოა გაითვალისწინოს რუსული ჯარის გაყვანა“.
2008 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის შეთანხმებას, რომელიც რუსული სამხედროების გაყვანას ითვალისწინებდა, მაგრამ პრეზიდენტ პოროშენკოსგან განსხვავებით, 2008 წელს მე უარი ვთქვი პასუხისმგებლობაზე, ამ ტერიტორიებისთვის სტატუსი მიმენიჭებინა, როგორც ამას სარკოზი რუსეთის ზეგავლენით ითხოვდა. პოროშენკოს კი ზეწოლის გამო დათმობა მოუხდა და ტერიტორიების საკითხი, როგორც მოლაპარაკების ნაწილი, ისე შეიტანა. ასე რომ, ძვირფასო პეტრო ალექსის ძევ, მოლაპარაკება სამხედრო ნაწილის გაყვანაზე ჩვენ გვქონდა (სხვა საქმეა ის, რომ რუსეთი ორივე შემთხვევაში ამას არ ასრულებს), შეთანხმების შინაარსი კი არ იყო კაბალური, განსხვავებით მინსკის შეთანხმებისაგან.
მეორე შეცდომა კი პირადად მე მეხება. რა იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, მოგმართავთ? ხართ მზად, დაარღვიოთ კონსტიტუცია და ადამიანის საერთაშორისო უფლებები და განიხილოთ უკრაინის მოქალაქის გადაცემის საკითხი?
შეცვალეთ თქვენი იურიდული მრჩეველები, ბატონო პრეზიდენტო!
და კიდევ, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, არ დავხვედროდი ან არ გამეცილებინოს უკრაინის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი აეროპორტში. ეს ისე, საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გამოუშვა.
მე, როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტს, არ მომწონს, როცა ასე ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის "დამცირებას", - წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე.