აქტუალური
ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საერთაშორისო გამოწვევებთან წარმატებით გამკლავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - პრემიერი კვირიკაშვილი

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ამბასადორიალი 2017"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის საგარეო მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო საფუძვლიანად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში.

„თქვენ ბრძანდებით გარანტი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო წარმატების. დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ამგვარ გარემოში საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისათვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.