საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტომანქანების მოძრაობა შეიძლება აიკრძალოს, გარდა მუნიციპალური ტრანსპორტისა. ინფორმაციას სააგენტო ipn.ge ავრცელებს. ეს აკრძალვა, სავარაუდოდ, მცირე მონაკვეთს, ზაარბრიუკენის მოედნიდან მარჯანიშვილამდე პერიმეტრს შეეხება.
ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, თუმცა რეკომენდაციებში მაინც აისახა. "საჯარო ტრანსპორტი აუცილებლად უნდა დარჩეს. აქ ლაპარაკია მხოლოდ ინდივიდუალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვაზე. როგორც იდეა კარგია, თუმცა მათ შესრულებას დრო უნდა და იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამას მოამზადებს“, - დასძინა ბოლქვაძემ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ავტოტრანსპორტისგან გამოთავისუფლება ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნას ისახავს მიზნად.
კონცეფციის ავტორების ხედვით, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ, უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით. მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო ქსელმა მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს.
ისტორიული ნაწილში, ქალაქის მტკვრისპირა სივრცეები: ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საქანელას ქუჩა, მუშტაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები, ყალიბდება ერთიან სარეკრეაციო სისტემად საფეხმავლო კავშირებითა და ღია სივრცეებით. დედაენის პარკსა და რიყეზე ჯებირებისაგან მდინარის გათავისუფლებით, შესაძლებელი გახდება უშუალოდ მტკვრის ნაპირთან დასვენება, რაც კიდევ უფრო ორგანულად შეაკავშირებს მდინარესა და ქალაქის ისტორიულ ნაწილს.
ქალაქის ჩრდილოეთით, დიღმის ჭალების ვრცელი ტერიტორიები მსხვილ საქალაქო ლანდშაფტურ პარკად გადაიქცევა. მდინარისპირა ლანდშაფტური პარკების ფუნქციას იძენს დირსიჭალისა და ორთაჭალის მდინარისპირა გაუნაშენიანებელი სივრცეები.
გენგეგმის მიხედვით, მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემის ფართობი, დაახლოებით ორჯერ აღემატება არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკების და სკვერების ჯამურ ფართს. კონცეფციით გათვალისწინებულია ასევე მდინარე ვერეს გასწვრივ, სარეკრეაციო სივრცეების ქსელის განვითარება, რომელიც მზიურისა და ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე დასრულდება.