პოლიტიკა
საქართველოსა და თურქმენეთს შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება

    საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ.

 „ჩვენ დავსახეთ კონკრეტული მიზნები, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაზე. იზრდება ვიზიტორების რაოდენობა თურქმენეთიდან, რაც მისასალმებელია. გვინდა, ხელი შევუწყოთ პირდაპირ ავიარეისებს“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

 თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობას საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს.

 „დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა სერიოზულ ნაბიჯს წარმოადგენს იმისთვის, რომ ჩვენი დიალოგი უფრო გაფართოვდეს და გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობა", - განაცხადა მერედოვმა.

 მისივე თქმით, 28-29 ნოემბერს თურქმენეთში 22-ე ენერგოქარტიის ღონისძიება გაიმართება და მასში ქართული დელეგაციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.