აქტუალური
“თავისი “ავადმყოფობით” ივანიშვილმა საკუთარ გარემოცვას გამოცდა მოუწყო!” - საქინფორმის მთავარი რედაქტორი

     საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. “საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე კომენტარი გააკეთა ერთ-ერთ მთავარ თემაზე, რომელსაც ბოლო კვირების განმავლობაში განიხილავენ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები და ქართული მედია. საქმე ეხება საქართველოს ექსპრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის იდუმალ გაუჩინარებას საჯარო სივრციდან, რაც მისმა არაკეთილმოსურნეებმა სააკაშვილის ბანაკიდან დაუფარავი სიხარულით ახსნეს მძიმე ავადმყოფობით - ინსულტით, და... სიკვდილითაც კი. მაგრამ მისივე გარემოცვიდან ცნობილმა სახეებმაც კი დაიწყეს სხვადასხვა ვერსიის გამოთქმა, როგორიცაა “საქართველო სამუდამოდ დატოვა”, “გაკოტრდა და ამიტომ დეპრესიაშია”, “აშშ-მა სახელმწიფო საქმეებში ჩარევა აუკრძალა” და ასე შემდეგ.

თუმცა საქინფორმის მთავარი რედაქტორი ყველას შეახსენებს, რომ ივანიშვილი ამგვარი სპექტაკლების დადგმის ბრწყინვალე ოსტატია და მაგალითად მოჰყავს 2011 წლის ეპიზოდი, როდესაც ივანიშვილმა თავისი მეუღლისა და უფროსი ვაჟის სატელეფონო საუბრის ინსცენირება მოაწყო - ვითომდა პოლიტიკისთვის თავის დანებებას და საქართველოდან სამუდამოდ წასვლას აპირებდა. ეს საუბარი სააკაშვილზე იყო გათვლილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კონკურენტის დაპატიმრებას აპირებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ქართული სპეცსამსახურები მოსმენილი საუბრის და ივანიშვილის გეგმის შესახებ მოახსენებდნენ, განზრახვაზე ხელს აიღებდა და ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ბანკის” ანგარიშების დაყადაღებას შეწყვეტდა.

“თავისი “ავადმყოფობით” ივანიშვილმა ბრწყინვალე მასტერკლასი ჩაატარა და საკუთარ გარემოცვას კარგი გამოცდა მოუწყო, როგორც იმ სპარსელმა მეფემ, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ღარიბის ტანსაცმელში გადაცმული სასახლიდან იპარებოდა და ქალაქში დადიოდა, რათა გაეგო, რას ფიქრობს მასზე და მის ვეზირებზე უბრალო ხალხი, დაბრუნებული კი უსულგულო და ქურდ დიდებულებს სჯიდა! - წერს ხიდირბეგიშვილი, - სამაგიეროდ, ახლა ივანიშვილმა ზუსტად იცის - ვინ იყო მართლაც მისი ერთგული და, ავადმყოფობის მიუხედავად, ასეთად დარჩა, ვინ კი ფარულად ღალატობდა და დღეს ახალ პატრონს ეძებს!”.