საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სოფელ ყარაფილაში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.
იან კელიმ უშუალოდ დაათვალიერა მავთულხლართებით შემოღობილი ტერიტორია და დაწვრილებით მოისმინა ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც მას აინტერესებდა.
“ФСБ-ს და რუსეთის ხელისუფლებას ექნება პასუხი, რატომ შეარჩიეს ეს ადგილი ბანერის გადმოსაწევად. ეს ადგილი მართლაც სიმბოლურია, რადგან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული ქვეყნის უმთავრესი და უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მაგისტრალიდან. აღშფოთებული ვარ, რომ 21-ე საუკუნეში უხეშად ირღვევა საქართველოს სუვერენიტეტი მეზობელი ქვეყნის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს დათანხმდება საქართველოს სუვერენული საზღვრების ახლიდან და თანაც ცალმხრივად გავლებას”, - განაცხადა იან კელიმ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მობილიზება რუსეთის ოკუპაციის დარეგულირების წინაპირობაა.