საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. რამდენმა ათასმა ადამიანმა ჩაიარა მარშით თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა უკანონო ქმედებებისადმი პროტესტის გამომხატველი აქციის ფარგლებში, ლოზუნგით “დაიცავი საქართველო”.
მარშის მონაწილეებმა შეძახილებით “საქართველოს გაუმარჯოს” გაიარეს აღმაშენებლის გამზირზე თამარ მეფის ხიდიდან მარჯანიშვილის მოედნამდე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტეს. აღმაშენებლის გამზირის ეს ნაწილი თბილისშია ცნობილია, როგორც თურქული და არაბული მაღაზიებისა და კაფეების თავმოყრის ადგილი.
მარჯანიშვილის მოედანზე მარში შეჩერდა, მონაწილეებს ორგანიზატორებმა მიმართეს და აქციის მოთხოვნები გააცნეს.
“აქციის მოთხოვნები შემდეგია: რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული კანონი მიგრაციის შესახებ, რომლის თანახმად საქართველოში ბინადრობის მოწმობის გაცემა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესი გამკაცრდება. საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ დეპორტირებული იქნეს ყველა არალეგალი და კრიმინალიტეტის წარმომადგენელი უცხოელი, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე”, - პეტიცია ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ წაიკითხა.
გარდა ამისა, სანდრო ბრეგაძემ პოლიტიკური მოთხოვნაც წამოაყენა - საქართველოში აიკრძალოს ყოფილი მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსება.
აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლებას მარშის მონაწილეთა მოთხოვნების შესასრულებლად ერთ თვეს აძლევენ, რის შემდეგაც რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
“მთავრობას პეტიციის მიღებიდან ერთ კვირას ვაძლევთ იმისათვის, რომ განცხადება გააკეთოს, და ერთ თვეს - ჩვენი მოთხოვნების შესასრულებლად, რის შემდეგაც პროტესტის რადიკალურ ფორმას მივმართავთ. ეს არ იქნება რაღაც დარბევები, ეს იქნება ლეგალური პროტესტი - შიმშილობა ან კიდევ რაიმე”, - თქვა კორკოტაშვილმა.
აქცია დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა, რის შემდეგაც მონაწილეები დაიშალნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში აღმაშენებლის გამზირზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა. მთელ პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებდა.