საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ინცინდენტი მიმდინარე წლის ხუთ ივლისს ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ბესო გელაშვილი, რომელმაც ჯვრის შეურაცხყოფის მიზეზით ირანის მოქალაქეს სცემა, მომხდარს იხსენებს. ბრალდებულების ახლობლები საქართველოს პატრიარქს და ხელისუფლებას მიმართავენ.
"მე და ჩემი მეგობრები ტაქსით თამარ მეფის ქუჩაზე, ჩვენს ერთ-ერთ მეგობართან მივდიოდით. ქუჩის ასასვლელი დაკეტილი დაგვხვდა, იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეებით სავსე ავტობუსი იყო გაჩერებული, ამიტომ ქუჩაზე ფეხით ავედით. სიარულის დროს დავინახეთ, რომ ჯვართან რამდენიმე ადამიანი იყო შეჯგუფებული. ერთ-ერთი მამაკაცი კი ჯვარზე შარდავდა. მე თურქეთში რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი, კარგად ვიცი თურქული, ამიტომ ამ მამაკაცს ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა იმის კეთება, რასაც ის აკეთებდა. მან საპასუხოდ ირონიულად შემომხედა და თავისი საქმე გააგრძელა. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი. შემდეგ კი ქვემოდან იყო ქვების სროლა. სხვა ქვეყანაში რომ ჩვენმა მოქალაქემ მსგავსი რამ გააკეთოს, როგორი იქნება რეაგირება? როგორი მოსათმენი იყო ჯვრის შეურაცხყოფა? თან ვუთხარი, რასაც აკეთებდა და მაინც გააგრძელა“, - განაცხადა ბესო გელაშვილმა.
გელაშვილის განცხადებით, მისი მეგობარი ჩხუბის დროს 40-მდე ახალგაზრდასთან ერთად ავტობუსში აღმოჩნდა, რის შემდეგაც იგი ტრასაზე გადააგდეს და პოლიციაში თავდასხის ბრალდებით საჩივარი შეიტანეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ის და მისი მეგობრები პოლიციას დაკავების შემდეგ ორდღიან დაკითხვაზე ჰყავდა.
ინცინდენტის მონაწილეები ამ ეტაპზე სასამართლო სხდომის დანიშვნას ელოდებიან.