პოლიტიკა
„რუსეთთან დიალოგის ქონა - საქართველოს სუვერენული უფლებაა“ - აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ლავროვის განცხადება დააკომენტარა

    საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, იმის შესახებ, რომ რუსული ხელისუფლება „მზად არის უფრო მაღალ დონეზე აწარმოოს დიალოგი საქართველოსთან“ დააკომენტარა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოს სუვენერული უფლებაა, რუსეთთან დიალოგი ჰქონდეს. თუმცა, აღნიშნა, რომ მოლაპარაკების დაწყებამდე უმჯობესი იქნება ურთიერთობის ნორმალიზება და ბორდერიზაციის პრობლემის აღმოფხვრა.

„საქართველოს სუვერენული უფლებაა, ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის უფრო მაღალ დონეზე აყვანას, მე ვიტყოდი, რომ ამისთვის უმჯობესი იქნება, ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, ჯერ აღმოიფხვრას ბორდერიზაციის პრობლემა და, ასევე, პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუ რა ურთიერთობა ექნება სხვა ქვეყნებთან, როგორ სტრუქტურებში მიიღებს ის მონაწილეობას, მაგრამ უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება და შემდეგ უკვე სხვა დონეზე გადასვლა", - განაცხადა იან კელიმ.