საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პირველი დიპლომატი, სერგეი ლავროვი ქართველი დეპუტატების, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია. სერგეი ლავროვმა დღეს „კურიერის“ კითხვებს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიდიე რეინდერსთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ახალი პლატფორმები გაჩნდეს, თუმცა რა სახის შეიძლება იყოს მის მიერ ნახსენები სხვა დონის კონტაქტები, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
„რაც შეეხება კონტაქტებს პარლამენტარებს შორის, ჩვენ ამის მომხრე ვართ, უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ სხვა დონის კონტაქტებისთვისაც. ჩვენ უკვე გვაქვს რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებისა და საქართველოს პრემიერის სპეც წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის კონტაქტის ხაზი და მზად ვართ სხვა ფორმატებისთვისაც, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ჩვენ ვხედავთ ამაში სარგებელს. უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და ვეძებოთ გადაწყვეტილებები. ბოლოს და ბოლოს ჩვენ მეზობლები ვართ და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ისტორიულადაც და დღესაც. ასე რომ, მივესალმებით პარლამენტარების ინიციატივას,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის ფედერაციის პირველ დიპლომატს დღეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე არ უსაუბრია და ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტი ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან გადაამისამართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს.
ოკუპაციის საკითხზე ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა. დიდიერეინდერსის განცხადებით, ბელგია და ზოგადად, ევროკავშირი, საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია და ამ მხრივ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
შეხვედრის დროს სერგეი ლავროვსა და ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, საქართველოს საკითხი არ განუხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არსებული პროცესი აქტუალური იყო. მხარეებმა პრესკონფერენციის დროსაც ნათლად დაადასტურეს, რომ ამ უკრაინის თემაზე ვერ თანხმდებიან და რუსეთსაც სანქციები სწორედ ამის გამო აქვს დაწესებული.