აქტუალური
მთავრობამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია ახალი შემადგენლობით დაამტკიცა

    საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია ახალი შემადგენლობით დაამტკიცა.

კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე საქართველოს პოზიციის შემუშავების, მოლაპარაკებათა წარმართვის, შესაბამისი სამუშაოების ორგანიზების, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით შეიქმნა.