აქტუალური
პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დანიშნა

    საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შემცვლელად მისი მოადგილე ილია ელოშვილი დაასახელა. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

"ილია 2012 წლიდან მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ყველა პროექტში, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო მინისტრიც და აქვს მინისტრობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, იგი წარმატებით გაართმევს თავს ამ მნიშვნელოვან ფუნქციას. მას აქვს გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის. ის მუშაობდა ათასწლეულის გამოწვევის პროგრამებში. ვფიქრობ, რომ ილია იქნება ძალიან წარმატებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად 6 ივლისს დატოვა. ის "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატია.