პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ულტიმატუმი წაუყენა

    საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ამ ცვლილებების ლეგიტიმაციაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არის არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ კონსენსუსის მისაღწევად მოლაპარაკების დაწყება.

”კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არის არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება კონსენსუსის მისაღწევად იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებიც უკვე განსაზღვრა მთელმა საზოგადოებამ. ესენია: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბონუსის სისტემის გაუქმება, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა, მოსამართლეების დანიშვნის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი. საყოველთაო თანხმობის გარეშე, ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღება არ შეუწყობს ხელს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ასევე სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს", - განაცხადა მიშველაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, ერთი მხრივ, ცხადდება მზაობა კონსენსუსისთვის, მეორე მხრივ კი ხდება ხაზგასმა, რომ მესამე მოსმენისთვის ვერ მოხდება ძირეული ცვლილებები, არ ქმნის ხელსაყრელ საფუძველს დიალოგისთვის.